ისტორიკოსი ზურაბ დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"რამდენიმე სიტყვით პარლამენტის კიდევ 9 დეპუტატის მიერ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გამოცხადებული შიმშილობის შესახებ.
სიტუაცია იმაზე უფრო არასერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რეალურად, ყოფილი პრეზიდენტის სადმე გადაყვანის არანაირი საჭიროება არ იგრძნობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არაა. კიდეც რომ იყოს, ადგილზე ყველა შესაძლებლობა არსებობს, რათა დროულად აღმოუჩინონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ თუ სასიკვდილო შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა საკვებსა და მედიკამენტებზე, მაშინ ჩარევის უფლება არავის გააჩნია. შესაბამისად - არც იმას აქვს მნიშვნელობა, სად იქნება, ციხის საავადმყოფოში თუ სამოქალაქო კლინიკაში.
პატიმრის ყველა კონსტიტუციური უფლება დაცულია. მას აქვს სათანადო კონტაქტი ადვოკატებთან და მონახულების უფლების მქონე სხვა პირებთან. იღებს და ავრცელებს ინფორმაციას. მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ასეთ სიტუაციაში პირადად მ. სააკაშვილისა და ახლა უკვე პარლამენტის 10 წევრის (ე. ხოშტარია პლუს ცხრა ახალი სუბიექტი) შიმშილობა, რეალურად, მის სრულად გათავისუფლებასა და პასუხისმგებლობის მოხსნას ისახავს მიზნად. ამისი გაკეთება დაუშვებელია, რადგან ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ ახალგამოვლენილი მასალების საფუძველზე დაუმძიმდეს ბრალი და ახალმა სასამართლომ გაზარდოს პატიმრობის ვადა. ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ საამისოდ სრული საფუძველი არსებობს და თუ ეს აქამდე არ მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ პროკურატურა მინიმალურად არ ასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობას.
თავს ვერ დავდებ, რა მოტივით ამბობს უარს ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. არ გამოვრიცხავ, ამის უკან ზოგი მაღალჩინოსნის შურისძიების მოტივიც იკითხებოდეს, მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული საკითხის გადაწყვეტა, იგივე პოზიციას დავიკავებდი. სააკაშვილისა და დეპუტატების შიმშილობა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით არის წმინდა წყლის შანტაჟი, რომელიც არ ემყარება არანაირ ობიექტურ გარემოებას. ამ მოთხოვნის უკან დგას კლინიკის მიდამოებში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების მოწყობის ჩანაფიქრი და რაც უნდა პირობა დადონ ოპოზიციის ლიდერებმა, თავს შევიკავებთო, მათი ნდობა დაუშვებელია. ამიტომ, მოშიმშილეთა ახირებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას მომავალში დომინოს პრინციპით მოჰყვება თანამდევი პროცესები. ხვალ-ზეგ უამრავი პატიმარი (მათ შორის - საშიში რეციდივისტებიც) გამოაცხადებს შიმშილობას რაგინდარა მოთხოვნით და როცა დაკმაყოფილების ერთი პრეცედენტი მაინც არსებობს, მერე სხვებს რა მიზეზით უნდა უთხრან უარი? ვერც ეტყვიან და მივიღებთ საშიმშილო ბალაგანს, რაც კიდევ უფრო არასტაბილურს გახდის ქვეყანაში ისედაც არასტაბილურ ვითარებას.
რაც უნდა კრიტიკულად ვიყო განწყობილი მოქმედი ხელისუფლების მიმართ, მისი დაშანტაჟება არის სახელმწიფოს დაშანტაჟების მცდელობა. ასეთ დროს, ცალსახად ვიზიარებ ხელისუფლების პოზიციას…
!
ზუსტად!.. ერთადერთი, ისაა გასარკვევი, რატომ არ ასრულებს!
*
ახლა პაატა ბურჭულაძე იმუქრება: მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობაო!
მერე ანიტა რაჭველიშვილი გამოაცხადებს შიმშილობას...
მერე - ხატია ბუნიათაშვილი...
კობა ნაყოფია თუ კარგად გადაუხდის, შეიძლება შერონ სტოუნმაც კი წაუშიმშილოს ერთი-ორი დღე :)
ბოლოს თაკო ჩარკვიანი გაშლის ლეიბებს რუსთაველზე, წამოგორდებიან ზედ ყველანი და დაიწყება ქართული ტურიზმის ბუმი: მთელი მსოფლიოდან მოაწყდება ხალხი ამ ეგზოტიკურ სანახაობას...