მიხეილ სარჯველაძე ფოტოების გავრცელებაზე: ის რაც დღეს მოხდა, უპასუხისმგებლო განცხადებით გიგი უგულავამ წაახალისა

მიხეილ სარჯველაძე ფოტოების გავრცელებაზე: ის რაც დღეს მოხდა, უპასუხისმგებლო განცხადებით გიგი უგულავამ წაახალისა

რაც დღეს ვიხილეთ ეს ფსკერზე ქვემოთაა, ის რაც დაიწყო, გიგი უგულავამ თავისი უპასუხისმგებლო განცხადებით წაახალისა, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დღეს ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოებს გამოეხმაურა.

„მეორე უპასუხისმგებლობა იცით როდის იყო, როცა მე ბრიფინგი ჩავატარე და ვთქვი, რომ ყველას ვთხოვ გამოვიდეთ და ერთმნიშვნელოვნად დავგმოთ ასეთი საქციელი, აქ ჩემი მიზანი არ იყო ვინმესთვის ნიშნის მოგება, რომ რაღაც დააშავა, არამედ პრევენცია მომხდარიყო იმის, არც დღეს ვნახეთ. ახლაც არაა გვიან, ყველა უნდა გამოვიდეს და ერთმნიშვნელოვნად ხაზის გადასმით თქვას, რომ ასეთი რამ არასოდესაა მისაღები და ხალხო არასდროს მისცეთ ხმა ადამიანს ვინც ასეთ რამეს გააკეთებს. არასოდეს გაიზიაროთ მისი პოზიცია. არ შეიძლება საზოგადოებას უნდოდეს მსგავსი მოვლენები, რა სახელიც არ უნდა ეწოდოს. ეს წარმოუდგენელი რამეა,“- აღნიშნა სარჯველაძემ.

სოციალურ ქსელში პირი, რომელსაც სამუშაო ადგილად „ნაციონალური მოძრაობა“ აქვს მითითებული, ავრცელებს ფოტოებს, სადაც ერთ-ერთ სადარბაზოში უცენზურო წარწერაა გაკეთებული და ასევე წერია – „აქ ცხოვრობს ჩიტო“, ხოლო ქუჩაში, ბოძებზე მსგავსი წარწერით, სასჯელაღსრულების უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის ფოტოებია გამოკრული.

9 ნოემბერს, ღამით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, გიგი უგულავამ გლდანის ციხის უფროსის მოადგილის, გოგა ორდენიძის ოჯახზე ისაუბრა. სიძულვილის ენა მან ამჯერად არასრულწლოვნების მიმართ გამოიყენა. მოგვიანებით მან საჯარო ბოდიში სოციალური ქსელის საშუალებით მოიხადა. „კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ - რომ ბავშვებს გავეშვათ,“- დაწერა უგულავამ სოციალურ ქსელში.