ირაკლი კობახიძე: არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ

ირაკლი კობახიძე: არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ

„ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

კობახიძე წერს, რომ სამართალი აღსრულდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი.

„მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო მათი ძალისხმევის შედეგად 2020-21 წლებში სამი დამნაშავის – გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლება. ყველა ხედავს, რომ დღეს ეს დამნაშავეები, მთავარ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ყველაზე აქტიურ როლს ასრულებენ პოლარიზაციაში, რომელიც ზიანს აყენებს ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ბუნებრივია, ყველა იმ პირსაც ეკისრება, რომელიც კრიმინალების განთავისუფლებას აქტიურად ითხოვდა.

ჩვენი უცხოელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა სათანადოდ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქვს ობიექტური დამოკიდებულება, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ. მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის მისთვის შეფარდებულ სასჯელს.

ხშირად მოგვისმენია გულწრფელი კრიტიკა და შენიშვნები მეგობრების მხრიდან. ამგვარი კრიტიკა ჩვენთვის ძალზე ღირებულია და ვაფასებთ. ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ხშირად შეუცვლიათ თავდაპირველი პოზიცია, რაც მათ გულწრფელობას ადასტურებს. თუმცა, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და ნაციონალური მოძრაობის ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ“, - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.