საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოებს გამოეხმაურა. „ეს პირველ რიგში ამორალურობაა და ეს საქციელი ხაზს უსვამს „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს. ისინი ატერორებდნენ ხალხს ხელისუფლებაში ყოფნისას. ასევე აირჩიეს ბინძური მეთოდი ოპოზიციაში ყოფნის დროს, ვინაიდან სხვა კანონიერი გზა მათ არ რჩებათ და ამორალური, ბინძური მეთოდებით ცდილობენ ტერორის განხორციელებას“, - ამის შესახებ ოხანაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრობის“ ქმედებების არავის არ ეშინია და ყველაფერზე იქნება ადეკვატური რეაგირება. „რა თქმა უნდა მათი ქმედებების არავის არ ეშინია და ყველაფერზე იქნება ადეკვატური რეაგირება. რადგან ესაა კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელვა ბავშვის უფლებების, შეურაცხყოფა ოჯახის. ამ ადამიანებს არ აქვთ ელემენტარული განცხადა იმისა თუ რას ნიშნავს ჩვენ საზოგადოებაში ოჯახი, შვილი და ა.შ.“- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
სოციალურ ქსელში პირი, რომელსაც სამუშაო ადგილად „ნაციონალური მოძრაობა“ აქვს მითითებული, ავრცელებს ფოტოებს, სადაც ერთ-ერთ სადარბაზოში უცენზურო წარწერაა გაკეთებული და ასევე წერია – „აქ ცხოვრობს ჩიტო“, ხოლო ქუჩაში, ბოძებზე მსგავსი წარწერით, სასჯელაღსრულების უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის ფოტოებია გამოკრული.
9 ნოემბერს, ღამით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, გიგი უგულავამ გლდანის ციხის უფროსის მოადგილის, გოგა ორდენიძის ოჯახზე ისაუბრა. სიძულვილის ენა მან ამჯერად არასრულწლოვნების მიმართ გამოიყენა. მოგვიანებით მან საჯარო ბოდიში სოციალური ქსელის საშუალებით მოიხადა. „კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ - რომ ბავშვებს გავეშვათ,“- დაწერა უგულავამ სოციალურ ქსელში.