მამუკა მდინარაძე: ამ კადრებით ყველა ტყუილი გამოაშკარავდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათი ტელევიზიები და ე.წ. მედიამენეჯერები კი ამას თავად ითხოვდნენ

მამუკა მდინარაძე: ამ კადრებით ყველა ტყუილი გამოაშკარავდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათი ტელევიზიები და ე.წ. მედიამენეჯერები კი ამას თავად ითხოვდნენ

რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ადამიანი, მისი დაკავების ნებისმიერი კადრი არის ძალიან უსიამოვნო სანახავი, მაგრამ ამ კადრებით წერტილი დაესვა იმ რამდენიმედღიან ტყუილს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ტელევიზიები იტყობინებიან. მაგალითად ის, რომ თითქოს გაატარეს პატიმართა თვალწინ. ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ, რომ ადამიანები მასთან კონტაქტში შედიან და საკმაოდ ზრდილობიანად ელაპარაკებიან. მხოლოდ მისი ქცევის შესაბამისად, იძულებული იყვნენ, რომ ის იძულების წესით შეეყვანათ იმ საკანში თუ პალატაში, სადაც უნდა განთავსებულიყო. ჩვენ ეს კადრები ვნახეთ, რაც, გიდასტურებთ, უსიამოვნო სანახავი იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გლდანის პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლები იურიდიულად მართლები არიან.

„უხერხულობაზე უფრო მეტსაც გვიქმნის ის კადრები, როდესაც ის თვითონ ფორთხავს. აქ არავინ აფორთხიალებდა, მიჰყავდათ. თვითონ როდესაც ფორთხავს აგვისტოს ომის დროს, შეშინებული და დამფრთხალი, გარბის სადღაც, მოჩვენებები რომ ჰქონდა, მაშინ უხერხულობა კი არ მქონდა, შემრცხვა. დარწმუნებული ვარ, თქვენც ასე იყავით. მისი ფორთხვა რომ ვნახეთ, ყველა ქართველს მისი საქციელის შერცხვა.

ამ კადრებით ყველა ტყუილი გამოაშკარავდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათი ტელევიზიები და ე.წ. მედიამენეჯერები თავად ითხოვდნენ, რომ თუ ეს მართალი არ არის, რასაც ჩვენ ვყვებით, მაშინ გაასაჯაროვონ კადრებიო. როდესაც კადრები გასაჯაროვდა და ეს არ მოეწონათ, ამის შემდეგ გადავიდნენ სხვა კამპანიაზე - თითქოს ეს კადრები უხერხულია. დიახ, ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანი ისე იქცევა, რომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იძულებული ხდებიან გამოიყენონ ლეგიტიმური ძალა, აიყვანონ ხელში და ისე განათავსონ პალატაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.