„ექს-პრემიერი გახარია ჰპირდებოდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომ წამლების სიძვირესთან დაკავშირებით "იქნება რეაგირება და ეს საკითხი დარეგულირდება". არ იყო რეაგირება და ეს საკითხი არ დარეგულირებულა. მიუხედავად ამისა, ექს-პრემიერი არავის დაუბულინგებია და ბოლომდე მისი მხარდამჭერების პოზიცია გვეკავა“ – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გიორგი გახარიას პოსტს, სადაც აღნიშნავს, რომ პრემიერი ღარიბაშვილი წამლების სიძვირეზე წელს უკვე მეოთხედ საუბრობს.
ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გახარიას მისი პრემიერობის პერიოდში არაერთხელ გაუკეთებია განცხადება მედიკამენტებზე ფასის შემცირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა, თანაგუნდელებს არ გაუკრიტიკებია და მას მუდამ მხარს უჭერდნენ.
„2019 წლის ოქტომბრის ბოლოს, რეგიონებში ვიზიტებისას, ექს-პრემიერი გახარია ჰპირდებოდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომ წამლების სიძვირესთან დაკავშირებით "იქნება რეაგირება და ეს საკითხი დარეგულირდება". არ იყო რეაგირება და ეს საკითხი არ დარეგულირებულა. მიუხედავად ამისა, ექს-პრემიერი არავის დაუბულინგებია და ბოლომდე მისი მხარდამჭერების პოზიცია გვეკავა. გადის ერთი წელიწადი და 2020 წლის დეკემბერში ექს-პრემიერი კვლავ ეხება ამ მძიმე საკითხს: "მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე; უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება გადადგმული". გავიდა "უახლოესი პერიოდი", არც არაფერი, მაგრამ ექს-პრემიერი არც მაშინ არავის არ "დაუ-ჰა-ჰა-ვებია". როგორც ექს-პრეზიდენტთან, ასევე ექს-პრემიერთან მიმართებაში ერთი ძირითადი დაკვეთა აქვს საზოგადოებას: სახეს ნუ დაკარგავთ - ტეხავს!“ - წერს ქართველიშვილი Facebook- ზე.