თუ ის დაწესებულება, სადაც სააკაშვილი იმყოფება, აკმაყოფილებს რეაბილიტაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას, მისი არსად გადაყვანის საჭიროება არ არსებობს. შესაბამისად, მთავარი ახლა არის ის, რომ მან საკვების მიღება დაიწყოს, ყველაფერი დანარჩენი კი ექიმებს უნდა მივანდოთ. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს კაპრიზს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა ულტიმატუმებით საუბარს თავი უნდა დაანებოს, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, შეწყვიტოს შიმშილობა და თავი დაანებოს ქვეყნის ნჯღრევის მცდელობებს.
„ულტიმატუმით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი და უადგილო, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მით უმეტეს პატიმარ სააკაშვილისგან. მის მიმართ მოქცევა და მოპყრობა შეესაბამება ქართული და ევროპული კანონმდებლობის მაღალ სტანდარტს. ეს პირდაპირ ჩანს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც, რომელიც მხოლოდ ინფორმაციის მოწოდებას და სააკაშვილის ჯანმრთელობაზე შესაბამის კონტროლს ავალებს ქართულ სახელმწიფოს, რასაც სახელმწიფო ინსტიტუტები ისედაც აკეთებენ. ასე რომ, არანაირი ულტიმატუმის დაკმაყოფილებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ერთადერთი უპირობო მოთხოვნა ამ გადაწყვეტილებაში არის სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტა. რაც შეეხება სააკაშვილის რეაბილიტაციას, ეს არის ექიმების გადასაწყვეტი. თუ ის დაწესებულება, სადაც სააკაშვილი იმყოფება, აკმაყოფილებს რეაბილიტაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას, მისი არსად გადაყვანის საჭიროება არ არსებობს. შესაბამისად, მთავარი ახლა არის ის, რომ მან საკვების მიღება დაიწყოს, ყველაფერი დანარჩენი კი ექიმებს უნდა მივანდოთ. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს კაპრიზს. მან ულტიმატუმებით საუბარს თავი უნდა დაანებოს, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, შეწყვიტოს შიმშილობა და თავი დაანებოს ქვეყნის ნჯღრევის მცდელობებს. მას ჰგონია, რომ ეს კარგად გამოსდის, სინამდვილეში კი ეს ასე არაა. ბოლო 2 წლის განმავლობაში საზოგადოებამ არჩევნებზე სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ უთხრა უარი, ამიტომ მათთვის ერთადერთი გზა არის დესტრუქციისა და რევოლუციის გზა. ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ რადიკალიზაციის ეს მცდელობები რაიმე სერიოზულ პროცესში გადაიზარდოს. იმ საქმეებზე, სადაც სასამართლოს განაჩენებია დამდგარი, სააკაშვილი აუცილებლად მოიხდის სასჯელს“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.