"საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები გადასახედია და ის პირველ რიგში ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს და არა ფონ კრამონის „სტაფილოს და ჯოხის“ არაეთიკურ პოლიტიკას" - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა.
"ევროპელი ჩინოვნიკის მიხაელ ზიბერტის განცხადებით, ვიოლა ვონ კრამონს უთქვამს, რომ საქართველოს უნდა გვაჩვენონ "მათრახი და თაფლაკვერი". ჩანს, რომ არ მოსწონთ საქართველოს მიერ "შარლ მიშელის შეთანხმებიდან" გასვლა და ქართული სახელმწიფო, რომელიც უკანა ორ ფეხზე არ დგას და არ ასრულებს ევროპის ზოგიერთ დირექტივას. შეგახსენებთ, რომ ამ შეთანხმებით, საიდანაც მმართველი პარტია გამოვიდა, დასანიშნ მოსამრთლეთა კეთილსინდისიერებას უცხოელი ექსპერტები შეამოწმებენ და ცესკო-ში საარჩევნო დავებს ასევე უცხოელი ექსპერტები განსჯიან. ინგლისურში გამოთქმა "მათრახი და თაფლაკვერი" იწერება შემდეგნაირად: "Carrot and Stick" ანუ „სტაფილო და ჯოხი“. ამ მეთოდით ცირკის და შინაურ ცხოველებს წვრთნიან. ვეძებე ვიოლას ეს გამონათქვამი და ინტერნეტში ვერ ვიპოვე. ვიპოვე ის, რომ იგივე ტერმინოლოგიას ვიოლა ფონ კრამონი იყენებს ბალკანელი ხალხების მიმართ. თუმცა, ბატონი ზიბერტი უსაფუძვლოდ არ იტყოდა, რადგან ის ესწრებოდა „ევრონესტის“ სხდომას. „ბრექსიტის“ დროს, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, როგორ აისახებოდა დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან საქართველოზე. მაშინ ვუპასუხე, რომ ნეგატიურად, რადგან დიდ ბრიტანეთს აქვს დიდი ისტორიული ცოდნა, გამოცდილება, ტრადიციები და მათ ევროპაში ყველაზე უკეთ ესმით კავკასიის რეგიონი. წლების შემდეგ შედეგიც სახეზეა, ევროკავშირიდან გასული დიდი ბრიტანეთი, რომელიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს და კავკასიის საკითხების განხილვაში, ჩვენ მივიღეთ საეჭვო ცოდნის, მორალის და მიზნების ადამიანების აქტიურობა ჩვენი მიმართულებით. საქართველოს საკითხის განხილვისას აქტიურობენ ძირითადად ბალტიისპირელი პარლამენტარები, რომელთაც თავი მოაქვთ, რომ უკეთ იციან პოსტსაბჭოთა სივრცე და ჩვენი რეგიონი. რეალურად კი მათ არ ესმით ჩვენი პრობლემები, ეთნოფსიქოლოგია და სხვადასხვა მენტალიტეტიც აშკარაა. ასევე ზოგიერთ მათგანს შესაძლოა ერჩივნოს, რომ საქართველო იყოს რუსეთთან ბრძოლის წინა ხაზზე, რათა რუსეთმა მათი ქვეყნებისთვის „არ მოიცალოს“, თავად კი რუსეთთან მრავალმილიარდიანი სავაჭრო ურთიერთობებით, უზარმაზარი ტვირთბრუნვით და საბანკო სისტემების მეშვეობით სიმდიდრეს აგროვებენ.
გერმანელი "მწვანე" ვიოლა ფონ კრამონი („მწვანეთა პარტია“ გერმანიაში ჯორჯ სოროსის მთავარი მოკავშირეა საკუთარი „ბიოლის ფონდთან“ ერთად) რომელიც, როგორც მისი ტერმინოლოგიიდან ჩანს, შინაური ცხოველებივით გვიყურებს და ბატონი ზიბერტის მიხედვით, ამას საჯარო შეხვედრებზე ამბობს. ბრიტანელების ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ სერიოზული ხალხი საქართველოს საკითხებში არ მონაწილეობს, სამწუხაროდ. კუბილიუსის მსგავსი მესამე თანრიგოსანი პერსონაჟები კი მხოლოდ აღვივებენ ანტიევროპულ განწყობებს, რაც სახიფათოა და საბოლოო ჯამში სიკეთეს არ მოგვიტანს. ვფიქრობ, რომ ვიოლა ფონ კრამონის ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და დაახლოებით იგივე მეთოდებით იქნას პასუხგაცემული, როგორც ერდოღანმა უცხოეთის ელჩებს გაუკეთა და მეორე დღესვე მიიღო მათგან მონანიება და ბოდიში. დროა, გამოვიჩინოთ ფხა! სტაფილო და ჯოხი კი თავისთვის დაიტოვონ და მორიგეობით გამოიყენონ - ასე აჯობებს!
ჩვენ ევროპას ბევრ რამეს ვუკეთებთ, ჩვენი მასშტაბიდან გამომდინარე. ყოველწლიურად $2,1 მლრდ-ის საქონელს ვყიდულობთ - ვყიდით $700 მილიონისას, ვამარაგებთ იაფი მუშახელით სოციალური დაცვის ხარჯების გარეშე - ამ ხალხს ევროპის ეკონომიკაში წვლილი შეაქვს, 400,000 ათასამდე ადამიანი ყოველწლიურად ჩადის და იქ ფულს ხარჯავს, წლებია თავზე ვიღებთ რუსეთის აგრესიის და ოკუპაციის სიმძიმეს, ერთგულად ვასრულებთ მისიებს სამშვიდობო ოპერაციებში და მხარს ვუჭერთ ევროპულ დღის წესრიგს ყველა საერთაშოირსო ორგანიზაციაში და ბევრი სხვა. ევროპას ჩვენთან ვაჭრობაში $1,4 მლრდ-ის დადებითი სალდო აქვს და ამ თანხის დაახლოებით 5%-ს გვჩუქნიან ძირითადად მათთვის საინტერესო ამოცანების შესასრულებლად და არა ჩვენი პრიორიტეტების მიხედვით. ამავე დროს, შოკური გზით თავისი სოციალური ინჟინერიის პროდუქტების დანერგვას გვთხოვენ, თანაც ეს იმ დროს, როდესაც ჩვენს უახლოეს სამეზობლოში ამაზე კრინტის დაძვრასაც ვერ ბედავენ. კუბილიუსი, პავილიონისი, კარიულანდი, ფოტიგა, ფონ კრამონი, გრეგოროვა და კიდევ რამდენიმე მესამეთანრიგოსანი ევროპელი პოლიტიკოსი ბულინგის გზით ურთიერთობს საქართველოსთან და ამით შეურაცხყოფას აყენებს მთელს ერს. ამგვარი პოლიტიკით, უფრო სწორად პოლიტიკის არქონით მიაღწიეს იმას, რომ თბილისის მთავარ გამზირზე ევროკავშირის დროშა ორჯერ იქნა „ჩამოწეული“ (რბილად რომ ვთქვათ).
რაშია გამოსავალი?! დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ყველაზე რაციონალური იქნება, საქართველომ შეძლოს გერმანიის ახალ ხელისუფლებასთან დაახლოება და კავკასიის საკითხებში მათ მეტ ჩართულობას მიაღწიოს. ჩვენ გვაქვს ისტორიული მეხსიერება და გერმანელებთან დამოუკიდებელი საქართველოს თანამშრომლობა პოზიტიურად გვახსენდება (1917-1918წწ). საქართველოს საკითხებში არ უნდა ერეოდნენ მესამეთანრიგოსანი პოლიტიკოსები, რომელთა ნდობის კრედიტი ნულოვანია და რომლებიც მხოლოდ იმით გვამახსოვრებენ თავს, რომ პირდაპირ ან ირიბად მხარს უჭერენ კრიმინალურ და მარგინალურ პოლიტიკურ ჯგუფებს რათა ხელისუფლება მაქსიმალურად დაასუსტონ და სუსტ ხელისუფლებას შეასრულებინონ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. საქართველომ უნდა შეადგინოს ნუსხა იმ საკითხებისა, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამის მაგალითი მოგვცა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელმაც უკრაინის მოდერნიზაციის $200 მილიარდიანი გეგმა წარუდგინა ჯო ბაიდენს და ელოდება პასუხს, რომელსაც ვერ მიიღებს, ცხადია, მაგრამ ეს მას უტოვებს შემდგომი ნაბიჯების მენიუს. ჩვენ გვაინტერესებს, მრეწველობის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, ფუნდამენტური და პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესება, იაფი საკრედიტო რესურსები, ლტოლვილთა დაბრუნება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კრიმინალური პოლიტიკური ჯგუფების ელიმინიაცია, ტექნოლოგიები, მეცნიერების განვითარება, საერთაშოირისო ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები და მრავალი სხვა. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები გადასახედია და ის პირველ რიგში ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს და არა ფონ კრამონის „სტაფილოს და ჯოხის“ არაეთიკურ პოლიტიკას".
https://www.interpressnews.ge/.../683324-mixael-ziberti...
P.S. იშვიათად, მაგრამ არის ადექვატური გამოსვლებიც: