შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის თითოეული დღე ადასტურებს, რომ მას დადგენილი სტანდარტის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწია

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის თითოეული დღე ადასტურებს, რომ მას დადგენილი სტანდარტის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწია

მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის თითოეული დღე ადასტურებს, რომ მას დადგენილი სტანდარტის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, საქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არის პრეტენზია, რათა რამენაირად ციხის გარეთ გავიდეს და „ამის შემდეგ გარკვეული ქმედებები დაიწყონ“.

„ყველა მსჯავრდებულს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო მომსახურება უნდა გაეწიოს, ასევე შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ - შესაბამისი სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურება. ეს არის პირობა, რასაც კანონმდებლობა ადგენს და მას იუსტიციის სამინისტრო სკურპულოზურად მიჰყვება. დაყენებულია ულტიმატუმის ხასიათის მოთხოვნა, რაც რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს გათვალისწინებული. დღემდე არ არსებობს რაიმე პრეტენზია იმ სამედიცინო მომსახურებაზე, მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს - საუბარია, რომ რაღაც შეიძლება საჭირო გახდეს. 43 დღე გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და რაიმე პრეტენზია გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, გვქონდეს ეჭვი, რომ ამის იქეთ გაწეული სამედიცინო მომსახურება სათანადო სტანდარტის არ იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა №18 დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლების, პალატაში განთავსების კადრები გაასაჯაროვა.