სატელეფონო საუბრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ, როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებისთვის.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი დაინტერესდა უკრაინის მოქალაქის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან, ისევე, როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
პრეზიდენტი ზელენსკი საუბარში შეეხო პატიმარ სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.
სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.
11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა №18 დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლების, პალატაში განთავსების კადრები გაასაჯაროვა.