„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“: სააკაშვილია სამარცხვინო და არა მასზე გავრცელებული კადრები!

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“: სააკაშვილია სამარცხვინო და არა მასზე გავრცელებული კადრები!

„სამარცხვინოა სააკაშვილი და არა მასზე გავრცელებული კადრები! როგორ შეიძლება, პირის გადაყვანა ერთი ლოკაციიდან მეორეში იყოს სამარცხვინო? სამარცხვინოა სააკაშვილის ქცევა, რომელიც იმ კადრებზეა აღბეჭდილი“, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„სამარცხვინოა, როცა კადრეში ხედავ, როგორ შეექცევა ხბოს პაშტეტსა და ფაფებს პატიმარი სააკაშვილი და თან გიმტკიცებს, - ვშიმშილობო. სამარცხვინოა სააკაშვილისვე გადაღებული კადრები საკუთარ თავზე, სადაც ცდილობს უკანონოდ შემოპარვა მოტაცებად შეასაღოს ხალხს, რომლის პრეზიდენტიც იყო 9 წელი. სამარცხვინოა თვითონ შემოპარვის ფორმა, რომელიც მან აირჩია საზღვრის უკანონოდ გადმოსაკვეთად და არა კადრები, რომელიც ამას ასახავს. დიახ, სამარცხვინოა, როცა ზრდასრული კაცი დორბლებს ხელით იწმენდს და ცხვირს მკლავებით. სამარცხვინოა, როცა ის ჰალსტუხს ღეჭავს შეშინებული. სამარცხვინო და ამაზრზენი საყურებელია კადრები, რომელშიც შეშინებული მთავარსარდალი და პრეზიდენტი სააკაშვილი მიწაზე ფორთხავს, როდესაც გმირი ჯარისკაცები რუსეთს ეომებიან ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად. სამარცხვინოა ამ მიწის ქვა-ღორღად მოხსენიება იმ პირისგან, რომლის უგნურმა თუ უნამუსო პოლიტიკამ ის მტერს ჩააბარა. სამარცხვინოა წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადო, მერე ხალხი რუსთაველზე აზეიმო და დაჭრილი და დახოცილი ჯარისკაცები მტერს მიუტოვე უპატრონოდ. დიახ, სამარცხვინოა საქართველოს ისტორიის ეს ფურცელი არა იმიტომ, რომ კადრებზეა აღბეჭდილი, არამედ იმიტომ, რომ ეს არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა, რომლის ნაწილს დღესაც უჭირს გააზრება, რომელია სამარცხვინო - კადრები თუ კადრებზე აღბეჭდილი სააკაშვილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა №18 დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლების, პალატაში განთავსების კადრები გაასაჯაროვა.