უზნეობაა ულტიმატუმის მოსმენა იმ ადამიანისგან, რომელმაც სადისტური მართვის სისტემა შექმნა და ციხეები გადაქცეული ჰქონდა წამების ბანაკებად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.
„ფაქტია, რომ შიმშილობა, რომელიც 40 დღეზე მეტია გრძელდება უამრავ შეკითხვას წარმოშობს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ შიმშილობის შეწყვეტა არის ის თემა, რომელზეც საუბრობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. სახელმწიფოსგან მოთხოვნილია, რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული - ერთი პირობა შესრულებულია სახელმწიფოს მხრიდან, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცულია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.