ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს მოუწოდა, რომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შიმშილობის შეწყვეტა და იქ რაიმე წინაპირობებზე საუბარი არ არის

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს მოუწოდა, რომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შიმშილობის შეწყვეტა და იქ რაიმე წინაპირობებზე საუბარი არ არის

სტრასბურგის სასამართლომ მსჯავრდებულ სააკაშვილს მოუწოდა, რომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შიმშილობის შეწყვეტა და იქ რაიმე წინაპირობებზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე, მნიშვნელოვანია რომ სასამართლომ იმსჯელა წარდგენილი დოკუმენტაციებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება არის კარგად გააზრებული ევროპული სასამართლოს მხრიდან და რა იყო მოთხოვნა: ევროპულ სასამართლოში მომჩივნის მოთხოვნა იყო ერთი, საკმაოდ მკაფიო მოთხოვნა ჰქონდათ - ითხოვდნენ მსჯავრდებულის გადაყვანას მე-18 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში, ეს მოთხოვნა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. რაც იმას ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით ის დაწესებულება, სადაც ახლა მსჯავრდებული იმყოფება არის ნამდვილად სათანადო, სხვა შემთხვევაში პირდაპირ დაუყონებლივ გადაყვანას მოგვთხოვდა, ამიტომ ეს არის პირველი დასკვნა რაც ამ გადაწყვეტილებიდან გამოვიტანოთ, რომ პენიტენციური დაწესებულება, სადაც მანამდე ეწეოდა მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება და შემდეგ უკვე მე-18 სამკურნალო დაწესებულება, ევროპული სასამართლოს შეფასებით არის საკმარისი, დამაკმაყოფილებელი იმისათვის, რომ მკურნალობა გაგრძელდეს. თანმიმდევრობასაც მნიშვნელობა აქვს, როგორ ჩამოაყალიბა სასამართლომ გადაწყვეტილება - როდესაც სასამართლომ შეაფასა სიტუაცია მან მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: პირველი - მან თავად მსჯავრდებულს მოუწოდა, რომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შიმშილობის შეწყვეტა და იქ რაიმე წინაპირობებზე საუბარი არ არის, ეს არის დაჟინებული მოთხოვნა მსჯავრდებულის მიმართ, რომ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ეს არის აუცილებელი წინაპირობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების და ამის შემდეგ მსჯავრდებული შეწყვეტს შიმშილობას, ამის შემდეგ გაუწევს სახელმწიფო სამედიცინო მომსახურებას, ეს მკურნალობა უნდა იყოს შესაბამისი და აღნიშნულის თაობაზე უნდა მიეწოდოს სტრასბურგის სასამართლოს ორი კვირის თავზე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.