სოზარ სუბარი: არ არსებობს კადრი, სადაც დავინახავდით, რომ ბრალდებულ სააკაშვილზე ძალადობა ან მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა

სოზარ სუბარი: არ არსებობს კადრი, სადაც დავინახავდით, რომ ბრალდებულ სააკაშვილზე ძალადობა ან მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა

მოლოდინი მაქვს და საზოგადოების მაღალი ინტერესიც არსებობს, ნახოს სრული კადრები - რა ხდებოდა სინამდვილეში. ის, რაც ვნახეთ, საკმარისია გარკვეული შთაბეჭდილების მოსახდენად, თუმცა, ვფიქრობ, გვაქვს უფლება სრული კადრებიც ვნახოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველ ვიდეოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ რა გახდა აღნიშნული კადრების გასაჯაროების მიზეზი.

მისი თქმით, რამდენიმე დღეა ოპონენტები საუბრობდნენ, რომ თითქოს, სააკაშვილის უფლებები იყო დარღვეული და მის მიმართ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას ადგილი ჰქონდა არა სათანადო მოპყრობას. სუბარმა განმარტა, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებაში შესაძლოა გაჩენილიყო შფოთი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ოპოზიცია ყოველდღიურად მართავს აქციებს და საუბრობს სახელმწიფო უწყებების შენობის ბლოკირებაზე.

„ასეთ პირობებში, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინ დაარღვია კანონი და ვისი უფლებები იყო დარღვეული და შესაბამისად, ვინ არის დამნაშავე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს. ბუნებრივია, ეს კადრები რომ არ ყოფილიყო, იქნებოდა ძალიან მძიმე ვითარება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს კადრები, სადაც აღწერილია, რა ხდება, ვინ არღვევს კანონს, ვინ აყენებს შეურაცხყოფას თანამშრომლებს, ფიზიკურად ვინ ძალადობს მათზე და არ გამოჩნდა არცერთი კადრი, სადაც დავინახავდით საპირისპიროს, როდესაც მსჯავრდადებულ და ბრალდებულ სააკაშვილზე ძალადობა ან მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა ხდება. მსგავსი კადრი ჩვენ ჯერ არ გვინახავს და არც იქნება.

ასევე, მოლოდინი მაქვს და საზოგადოებასაც მაღალი ინტერესი აქვს, სრული კადრები ნახოს - რა ხდებოდა სინამდვილეში. ის, რაც ვნახეთ, საკმარისია გარკვეული შთაბეჭდილების მოსახდენად, თუმცა, ვფიქრობ, გვაქვს უფლება სრული კადრებიც ვნახოთ. ყველა შემთხვევაში, ეს კადრები ისედაც იქნება საჯარო, რადგან ორივე ვიდეოჩანაწერი გამოძიების მასალებს დაერთვება და სასამართლოშიც წავა“, - განაცხადა სუბარმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

დღეს კი პენიტენციურმა სამსახურმა №18 დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლების, პალატაში განთავსების კადრები გაასაჯაროვა.