უკრაინელი ექსპერტი: უკრაინის პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილის თემა პირველხარისხოვანი არ არის - უკრაინა კატეგორიულ ნაბიჯებს არ გადადგამს სააკაშვილის დასაბრუნებლად

უკრაინელი ექსპერტი: უკრაინის პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილის თემა პირველხარისხოვანი არ არის - უკრაინა კატეგორიულ ნაბიჯებს არ გადადგამს სააკაშვილის დასაბრუნებლად

უკრაინელი ექსპერტი, ანდრეი მისელიუკი ოფიციალურ კიევსა და თბილისს შორის სააკაშვილის გამო ურთიერთობების გამწვავებას გამორიცხავს. მისი თქმით, ახლა უკრაინის პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილის თემა პირველხარისხოვანი არ არის.

უკრაინელი პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ განმეორების მიზნით ჩამოვიდა.

„სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებით, რა თქმა უნდა, იყო გეგმები, რომ „ვარდების რევოლუციის“ რემეიკი მოხდებოდა, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა და ვითარება სხვაგვარად წარიმართა. უკრაინის პოლიტიკაში მას არაფერი ელოდა, რადგან სააკაშვილმა ვერ შეძლო ქართული სასწაულის უკრაინაში განმეორება. თავდაპირველად, როდესაც აღმოჩნდა, რომ ის საქართველოშია, მედიაში აჟიოტაჟის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ კიევმა მისი დაბრუნება უნდა მოითხოვოს, მაგრამ მე თავიდანვე ვთქვი, ოფიციალური კიევი განცხადებების დონეზე ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი უფლებები დაცული იყოს და მას ღირსეულად მოეპყრონ, მაგრამ სხვა ძალისხმევას არ გამოიჩენს. უკრაინა კატეგორიულ ნაბიჯებს არ გადადგამს სააკაშვილის დასაბრუნებლად. არ გარისკავს, რომ ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობები გაიფუჭოს. მეორე მხრივ, რეალური ბერკეტებიც არ აქვს. ახლა შტატებისა და ევროპარლამენტარების შემდეგ მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა განხილვის მთავარი თემა. იმ საკითხებზე, რომ სააკაშვილს არასათანადოდ ეპყრობიან მხოლოდ ომბუდსმენი და რამდენიმე დეპუტატი საუბრობს. ახლა უკრაინის პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილის თემა პირველხარისხოვანი არ არის. ჩვენ ბევრი სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს. საქართველოსა და უკრაინას შორის ცივი ურთიერთობები უკვე იყო, ახლა ოფიციალურ კიევსაც და თბილისსაც ამის განმეორება კატეგორიულად არ სურს. ორივე რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბუნებრივი მოკავშირეები არიან. ჩვენ საერთო მტერი გვყავს და სააკაშვილის გამო ურთიერთობების გამწვავება დაუშვებელია. ეს ესმით კიევშიც და თბილისშიც“, - განაცხადა ანდრეი მისელიუკმა.