იუსტიციის მინისტრი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისასალმებელი და ჰუმანურია, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას

იუსტიციის მინისტრი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისასალმებელი და ჰუმანურია, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 24 ნოემბრისთვის მიეწოდება. ამის შესახებ ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები.

„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი ერთი კონკრეტული მოთხოვნით - დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაუყოვნებლივ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა, უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ინტერესის დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნოემბრისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით სრულ ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. ასევე გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას“, - განაცხადა ბრეგაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.