იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს ვრცელ განმარტებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას ამ თემაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ სურს.
„მე არ მსურს, ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს ვრცელ განმარტებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.