პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს კონცენტრირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კომენტარი მთავრობის მეთაურმა კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გააკეთა, სადაც თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021“-ის მიმდინარეობას გაეცნო.
„მე გითხარით, რომ პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.