სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი გამოკითხეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი გამოკითხეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლები გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს გვიან ღამემდე კითხავდნენ. პატიმარს ჩაუტარდა ექსპერტიზაც.

გამომძიებლის ინფორმაციით, სააკაშვილს ფიზიკური დაზიანების კვალი ვიზუალურად არ აღენიშნება. გამოკითხვას სააკაშვილის ადვოკატიც ესწრებოდა. მისი ინფორმაციით, ამოღებულია ტანსაცმელი, რომელიც ექსპრეზიდენტს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადმოყვანისას ეცვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს იძიებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.