ჩვენი წარსული კომუნიკაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ დღევანდელ სატელიტებთან იმით გამოირჩეოდა, რომ ვეკითხებოდით, რა არის გეგმა და არ ჰქონდათ ამაზე პასუხი. რაც საქმიანი ურთიერთობები შევაჩერეთ, მაინც ერთი და იგივე პრობლემა იყო, რომ სულ გამოდიოდნენ რაღაც მოწოდებებით, დაპირებებით, არანაირი გეგმა არ ჩანდა. ის გამოთქმული გეგმაც კი არ სრულდებოდა. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გეგმა იყო მთავრობის შენობის ბლოკირება, რომელიც იმდღესვე არ შესრულდა. მივიჩნევ, რომ მენეჯერული კუთხით დიდი პრობლემებია „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მარტივ გეგმასაც კი ვერ ასრულებენ. – ამის შესახებ “მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა
“უბრალოდ არ ვიცი, რას ეყრდნობა ნიკა გვარამია, როცა ასეთ პროგნოზებს აკეთებს. მეტიც, მე ვიცი, რომ თუ „ქართული ოცნების“ დამარცხება გვინდა, სულ მცირე გულწრფელები უნდა ვიყოთ და ტყუილებზე არ უნდა ავაწყოთ ჩვენი ქმედებები. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სულ რამდენიმე დღის წინ და არაერთხელ იყო ასეთი განცხადება, რომ საათების ამბავია და კრიტიკული მდგომარეობაა, ადამიანი ვერ დადის. თავად ნიკა გვარამიას განცხადებებიდანაც გამომდინარე, იმდენი ტყუილი იყო ნათქვამი, რომ უბრალოდ არ მჯერა, რომ ტყუილებით შეიძლება დავამარცხოთ „ოცნება“. მაგრამ თუ ისე გამოვიდა, რომ ტყუილებით დავამარცხეთ, საერთოდ ტრაგიკულ სიტუაციაში ვართ. გამოვა, რომ იმდენად ცუდი მომავალი გვაქვს, სულ ტყუილში ვიცხოვრებთ და პოლიტიკურ სპექტაკლში გავატარებთ დროს.
ბევრ აქციაზე ვყოფილვარ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულზე, მაგრამ აქციაზე დავდივარ იდეის გამო. თუ იდეას ვეთანხმები, წავალ, თუ არადა – არა. არ მესმის იდეა, რომლის გამოც, ეს აქციები იმართება, არც ვადამდელი არჩევნების, არც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, სულ მცირე იმიტომ, რომ გაუგებარია, რატომ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რადგან ციხეში რომ აღმოჩნდებოდა, ხომ გასაგები იყო. თუ ეს მისი არჩევანი იყო, რას ვაპროტესტებთ, თუ მისი არჩევანი არ იყო, რა გეგმა იყო. ვიდრე ამას არ ახსნის „ნაციონალური მოძრაობა“, ვერ შევუერთდები ამ მოთხოვნას. არ მჯერა, რომ ასეთი უიდეო ოპოზიციის მხრიდან მოხდეს რევოლუცია” – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.