ევროპისმცოდნეობის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა თსუ-ში

ევროპისმცოდნეობის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი ვილნიუსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად  ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს. ამის შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ,  ვილნიუსის (ლიეტუვა) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თომას დავულისმა  და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნინო ლაპიაშვილმა, რომელზეც განიხილეს ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

ვილნიუსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თომას დავულისის თქმით, „ეს შეთანხმება იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომ ისწავლონ როგორც საქართველოში, ასევე ლიეტუვაში და აიმაღლონ კვალიფიკაცია თავის სფეროში. ვილნიუსის უნივერსიტეტს უკვე ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და  ძალიან ვამაყობთ, რომ ამ საქმეში თსუ-ის გუნდთან ერთად ვართ ჩართული.“

„თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინტერდისციპლინური ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში 2019 წელს დავიწყეთ მოლაპარაკება ვილნიუსის უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის პროგრამის შექმნის თაობაზე. დღეს სწორედ ამ მოლაპარაკებების დასკვნითი შეხვედრა გაიმართა თსუ რექტორთან. ვიმედოვნებთ რომ მომავალი წლიდან ვუმასპინძლებთ სტუდენტებს როგორც საქართველოდან, ისე ლიეტუვადან,“-განაცხადა ნინო ლაპიაშვილმა.

ვილნიუსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტს შორის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მომავალი სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის ყველა მაგისტრანტს, ვისაც სწავლების პირველ საფეხურზე სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი აქვს მინიჭებული, შესაძლებლობა ექნება, მოიპოვოს ორმაგი ხარისხი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - ევროპისმცოდნეობის მაგისტრის (Master of Arts in European Studies), ხოლო ვილნიუსის უნივერსიტეტიდან - ევროკავშირის სამართლის მაგისტრის (LLM in EU Law).