ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სამედიცინო პრაქტიკას “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში“ გაივლიან.
როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, სასწავლო-კვლევითი საქმიანობა თსუ-სა და „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“-ს შორის მალე აქტიურ ფაზაში შევა, დასახულია დიდი გეგმები სტუდენტების სტაჟირებასთან დაკავშირებით. „ჩვენი სტუდენტები პრაქტიკას თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილ „ამერიკულ ჰოსპიტალში“ გაივლიან. ამასთან, ჰოსპიტლის ბაზაზე რამდენიმე კათედრა იმუშავებს, რაც კარგი საშუალება იქნება იმისთვის, რომ ჩვენი კვლევითი პოტენციალი და პრაქტიკა შეერწყას ერთმანეთს,“-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
183-საწოლიანი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით ფუნქციონირებს. პროექტს აქვს ამბიცია საქართველოსა და რეგიონის სამედიცინო რუკაზე შეიტანოს ცვლილება და საქართველოში პირველი გლობალური მასშტაბის ჰოსპიტალი გახდეს, რომელიც Joint Commission International (JCl)-ის სრულ აკრედიტაციას გაივლის.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ზრუნავს საუკეთესო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე, ჩვენ ვიაზრებთ იმ ფაქტს, რომ ამ ყოველივეს მიღწევა შესაძლებელია პროფესიონალი ექიმების, ექთნების და სამედიცინო მუშაკების გამოწვრთნით. ამიტომ მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მის სტუდენტებთან, მივცეთ მათ კარგი პრაქტიკა და ხელი შევუწყოთ მათი პროფესიონალიზმის გაზრდას“, - აღნიშნა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერჯან აიილდიზმა.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.