მაია ბუწაშვილი: „რუსეთში გავრცელებული ახალი შტამი ავტომატურად მოაღწევს ჩვენთანაც

მაია ბუწაშვილი: „რუსეთში გავრცელებული ახალი შტამი ავტომატურად მოაღწევს ჩვენთანაც"

რუსეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი სავარაუდოდ Delta შტამზე უფრო გადამდებია. მკვლევარების თქმით, AY.4.2-მა, შესაძლოა, გამოიწვიოს COVID-19-ით დაავადების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა და საბოლოოდ, ჩაანაცვლოს დელტა შტამი.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ რუსეთში გავრცელებული ახალი შტამი ავტომატურად მოაღწევს საქართველომდეც, რადგან ორ ქვეყანას შორის მობილობა საკმაოდ დიდია.

"როდესაც ლაპარაკია, რომ რუსეთში რაღაც შტამი ვრცელდება, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მოაღწევს ჩვენთანაც იმიტომ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მობილობა ძალიან მაღალია.

ძალიან ხშირად ხდება კორონავირუსის მუტაცია და ახალი შტამების წარმოქმნა და ყოველთვის ტენდენციაა, რომ ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და ბევრად უფრო ადვილია მისი გადაცემა, ვიდრე წინამორბედი შტამის.

ჯერჯერობით, ამ ახალ შტამთანაც იგივე ტენდენცია იკვეთება, ამბობენ, რომ ის უფრო მეტად ვრცელდება, როგორც ეს იყო ყოველთვის მუტაციური შტამების შემთხვევაში.

საშიშროება ყოველთვის არის, ვშიშობთ ახალ მუტაციებზე, სანამ გავიგებთ უფრო მეტს მის შესახებ, რომ არ ჰქონდეს უფრო მაღალი ავადობა და არ ჰქონდეს უფრო მაღალი სიკვდილობა, მაგრამ ეს ტენდენციები რას უკავშირდება და რატომ ხდება - ბოლომდე ჯერჯერობით გარკვეული არ არის," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.