მიხეილ სააკაშვილი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ციხეში ვიღაც შიმშილობს და ალბათ, არც ბოლო იქნება. ამ კუთხით პენიტენციურ სისტემას აქვს გამოცდილება, როგორ უნდა მოხდეს მოშიმშილე პატიმართან ურთიერთობა, მათ შორის სამედიცინო დაკვირვება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა მიზეზით პატიმრები შესაძლოა, პროტესტს აცხადებდნენ, თუმცა ეს რამე რისკს სიცოცხლისთვის არ შეიცავს, რადგან არსებობს შესაბამისი პროტოკოლები და გამოცდილება, რომელიც აქვს პენიტენციურ დაწესებულებას.
„საქმე არის მარტივად, ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაულები, ორ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სამი ინსტანციის გადაწყვეტილება. მეტიც, გირგვლიანის საქმეზე არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც ზუსტად იგივე თქვა, რაც ქართულმა სასამართლომ. სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადო ხელი სააკაშვილს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება და არ უნდა ქართული სასამართლოსი დაიჯეროს და ამბობენ პოლიტიზირებულიაო, სტრასბურგის სასამართლოც პოლიტიზირებულია?! არის განაჩენები და კეთილი უნდა ინებოს ყოფილმა პრეზიდენტმაც და ეს სასჯელი მოიხადოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.