როდესაც ხალხი ციხიდან თავისუფალი გამოდიოდა, შემდეგ 3-4 თვე, ინერციით, საკუთარ სახლში ჩურჩულით საუბრობდა, რადგან უკვე გამჯდარი ჰქონდა. ციხეში ხმამაღალი საუბარი აუცილებლად ცემით ისჯებოდა, - ამის შესახებ პარლამენტარმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა, კახი კახიშვილმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
კახიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის ციხეებზე ისაუბრა და დღეს არსებულ ციხის პირობებთან შედარება გააკეთა.
„სხვაობა არის, როგორც ცა და დედამიწა. თავადაც ვერ საუბრობენ ციხის ცუდ პირობებზე. გუშინ მე სააკაშვილის პირად ექიმს ვუსმენდი, რომელიც ციხის ადმინისტრაციას, ციხის ჯანდაცვის სისტემას, ექიმების კვალიფიკაციას აქებდა და ასე შემდეგ. ანუ, ხედავთ, რომ ყველაფერზე საუბრობენ, გარდა ციხის პირობებისა.
არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ახსოვთ, როგორი ციხე ჰქონდა მიშასა და „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ციხე კი არა ჯოჯოხეთი იყო, მანქანა, რომელიც ადამიანის ღირსებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ამტვრევდა. ვინც ცოცხალი ვერ გამოდიოდა, აუცილებლად ან ღირსებაშელახული ან ისეთი ნაცემი იყო, რომ წლების შემდეგ ეს ყველაფერი სერიოზულ ავადმყოფობაში გადასდიოდა. საჭმელი, სამედიცინო მომსახურება, ძველი ბიჭები და მაყურებლები ხომ მაშინ უნდა გენახათ! ერთადერთი, სადაც არ ჰყავდათ, ეს იყო გლდანის ციხე. სხვა ციხეებში თვითონ თუ ვერ სცემდნენ, პატიმრებს ძველ ბიჭებს აცემინებდნენ. აი, ესე იყო“, - განაცხადა კახიშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ შექმნილი სისტემა ადამიანის ღირსების შელახვაზე იყო ორიენტირებული. კახიშვილმა იმ პერიოდში ადამიანების დაკავების ფაქტებიც გაიხსენა, რომელიც საჯაროდ ხდებოდა და მათი ღირსების შემლახველი იყო.