ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილს შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, თბილისში ჩამოსულიყო - ერთ-ერთი იყო ბატონი ვანო მერაბიშვილიც

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილს შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, თბილისში ჩამოსულიყო - ერთ-ერთი იყო ბატონი ვანო მერაბიშვილიც

სააკაშვილს შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ თბილისში ჩამოსულიყო. მათ შორის ერთ-ერთი იყო ბატონი ვანო მერაბიშვილიც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილს ვანო მერაბიშვილიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ სიტუაცია იმდენად მომწიფებული იყო, მის ჩამოსვლას საქართველოში ხელს ვერავინ შეუშლიდა.

„იმედი გვაქვს, რომ ახლა გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც. მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში. ერთ-ერთი მათ შორის იყო ბატონი ვანო მერაბიშვილიც, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ შეუშლიდა. როგორც დაასრულა ამ ადამიანმა ეს ავანტიურისტული ექსპერიმენტი, ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ - თავი ამოყო ციხეში, ძალიან მარტივად. ამას გარდა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა მისი ციხეში დაჭერა, ეს არის ბატონი ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის ახლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს.

ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვიცით და არ გვაინტერესებს. ერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, არჩევნების მეორე ტურებს ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩავატარებთ. ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ამის შემდეგ ქვეყანამ მშვიდობიანი განვითარება უნდა გააგრძელოს. ჩვენი მთავარი კითხვები მოსახლეობის მთავარ გასაჭირს უნდა ეხებოდეს, რაც არის: უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.