„აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და, ჩვენც, ცენტრალური ხელისუფლებაც, მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით, რომ მაქსიმალურად დროულად, ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და ამასთან, ფულადი კომპენსაციებიც, იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, დაღუპულთა პანაშვიდზე მისვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, გამოძიება აუცილებლად დაადგენს, რა გახდა ნგრევის მიზეზი.
„მოგეხსნებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა 3 პირი, რომელიც ამ დანაშაულში იკვეთება. გამოძიება გასცემს პასუხს, ეს გულგრილობა იყო, გაუფრთხილებლობა თუ უბედური შემთხვევა, მაგრამ ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს.
ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
26 მაისის ქუჩაზე კი, იმ ადგილას, სადაც 8 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა, სამგლოვიარო კედელი გაკეთდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. შეკრებილები იხსენებენ 8 ოქტომბრის ტრაგედიას და მძიმე წუთებზე საუბრობენ.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და კორპუსის სადარბაზოს ნგრევის საქმეზე დაკავებულ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი 9 ოქტომბერს, დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.