ბათუმში მომხდარი ნგრევის საქმეზე დაკავებული ბინის მეპატრონის ადვოკატი: არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდება, რომ ნგრევის მიზეზი ბრალდებულის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო

ბათუმში მომხდარი ნგრევის საქმეზე დაკავებული ბინის მეპატრონის ადვოკატი: არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდება, რომ ნგრევის მიზეზი ბრალდებულის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო

„საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სახლის ნგრევის მიზეზი ბრალდებულის, ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო. პროკურორმა თვითონ მიიჩნია, რომ ბუდაგოვმა დაშალა ეს სახლი მაშინ, როდესაც ეს არის აბსოლუტურად სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ დასადგენი გარემოება“, - აცხადებს ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი, რამინ პაპიძე.

მისი თქმით, სახლის ნგრევის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ საინჟინრო ექსპერტიზის მიხედვით შეიძლება დადგინდეს.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფში და საძირკველთან მიმდინარეობდა სამუშაოები, სინამდვილეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციაა. სამშენებლო სამუშაოები პირველ სართულზე არსებულ საცხოვრებელ ფართში მიმდინარეობდა, ეს იყო შიდა კედლების დემონტაჟი. ეს კედლები მზიდი იყო თუ არ იყო, ვერანაირი მოწმის ჩვენებით ვერ დადგინდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტმა უნდა შეისწავლოს, რომელსაც სახლის პროექტი ექნება და შემდეგ იტყვის კედელი, რომელიც ფართში მოიშალა იყო თუ არა მზიდი. ის პროექტი, რომლის მიხედვითაც ამ სახლში კედლების დემონტაჟი, იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტით განხორციელდა. ამ ეტაპზე მიზანმიმართულად არ ვასახელებთ ვინაობას, რადგან ეს ბევრისთვის ძალიან მტკივნეული იქნება. ვიმედოვნებთ ყველაფერს ნათელი მოეფინება, თავად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვაქვს ამის მტკიცებულებები“, - განაცხადა ადვოკტმა.

ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლო საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ 3 პირისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.