კარლ ჰარცელი: მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა

კარლ ჰარცელი: მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს“, - წერს კარლ ჰარცელი Twitter-ზე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.