ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის ბაბუა, ქირურგი აკაკი ბერიძე: 11 საათი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაძლება რთულია, ასეთი ადამიანის გადარჩენა ნამდვილად სასწაულია

ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის ბაბუა, ქირურგი აკაკი ბერიძე: 11 საათი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაძლება რთულია, ასეთი ადამიანის გადარჩენა ნამდვილად სასწაულია

„დღეისთვის, ჩემი შვილიშვილის მდგომარეობა უკეთესია - ყოველდღიურად უმჯობესდება“, - განაცხადა ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა კაცის ბაბუამ, ქირურგმა აკაკი ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შვილიშვილის გადარჩენისთვის, ის მადლობას უხდის კოლეგებს.

„მოვინახულე, ერთად გავაკეთეთ შეხვევა, ექსტუბაციასაც (ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნა) ვესწრებოდი. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით. ჯანდაცვის სისტემის, ჩემი კოლეგების, ბათუმისა და თბილისის ექიმების მიერ გადარჩა, თორემ, 11 საათი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაძლება რთულია. ასეთი ადამიანის გადარჩენა ნამდვილად სასწაულია“, - აღნიშნავს აკაკი ბერიძე.

ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

ზღვისპირა ქალაქში სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.