რას ჰყვებიან ბათუმელები ტრაგედიიდან მესამე დღეს

რას ჰყვებიან ბათუმელები ტრაგედიიდან მესამე დღეს

ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან ს ამი დღის შემდეგ, „ქრონიკამ“ ჩაწერა ადამიანები, რომლებიც ამავე ქალაქში ცხოვრობენ. ისინი სადარბაზოს ნგრევას იხსენებენ და ამბობენ, რომ ეს პირველ სართულზე დაწყებულ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

„უცებ, გამოვარდა კედელი, კვამლად წამოვიდა და სახლიც დაიშალა. ფაქტობრივად, საძირკველი გამოუღეს სადარბაზოს. ეს მოხელეები დილით რომ მოვიდნენ, კარი არ გაღებულა, რადგან კორპუსი უკვე დაწეული იყო. უკვე უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ საქმე სხვაგვარად იყო. სადღაც, ალბათ, ათი დღე მუშაობდნენ ამ საქმეზე - ოთახში კედლები გამოიღეს, 200 კვადრატად გადააკეთეს, საძირკველი გამოაცალეს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „ქრონიკასთან“

ბათუმელები აცხადებენ, რომ, მომხდარი მხოლოდ იმ ოჯახების ტრაგედია არაა, რომელთაც ეს უშუალოდ შეეხოთ.

„ეს თითოეული ბათუმელის, თითოეული ოჯახის ტრაგედიაა. საშინელი სიტუაციაა. ძალიან ავარიული სიტუაციაა ბათუმში“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ერთ-ერთი რესპონდენტი აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ, მოსახლეობა მეტად ფრთხილობს საცხოვრებლებთან და კომერციულ ფართებთან დაკავშირებით.

„ეს ყველას პრობლემა და ყველას ტრაგედიაა. ამ ტრაგედიის შემდეგ, ყველა მაცხოვრებელმა დაიწყო თავისი ბინის, სახლის, კომერციული ფართების გაკონტროლება. პირადად მე, 15 წელია, ავარიულ სახლში ვცხოვრობ. ზუსტად 20 დღის წინ, ქვემოთ, იყიდეს ფართი და აკეთებენ სამკერვალოს. ზუსტად ამ შოკში ვარ და ამის შემდეგ, ათმაგი პანიკა დამემართა“, - ამბობს ის.

ზღვისპირა ქალაქში სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.