უკანონო მიშენებები სერიოზული პრობლემაა მთელს საქართველოში, არა მარტო ბათუმში და თბილისში. ბევრ ქალაქშია მიშენებები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პასუხისმგებლობა არის ყველასი. მოქალაქეებისაც, მათ შორის. 90-იანი წლებიდან დაწყებული, სამწუხაროდ, ეს ხდება. ეს არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა მინისტრმა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში, სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.
სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ ერთი კი მკურნალობას აგრძელებს - კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა - სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.