მამუკა მდინარაძე: იმის წარმოდგენას, რაც გუშინ ბათუმში ხდებოდა, განსაკუთრებით ტრაგედიის პირველ წუთებში, შეიძლება ადამიანმა ვერც გაუძლოს

მამუკა მდინარაძე: იმის წარმოდგენას, რაც გუშინ ბათუმში ხდებოდა, განსაკუთრებით ტრაგედიის პირველ წუთებში, შეიძლება ადამიანმა ვერც გაუძლოს

მამუკა მდინარაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„იმის წარმოდგენას, რაც გუშინ ბათუმში ხდებოდა, განსაკუთრებით ტრაგედიის პირველ წუთებში, შეიძლება ადამიანმა ვერც გაუძლოს. სიტყვებით თანაგრძნობის გადმოცემა ცოტაა, შეუძლებელია, ხან ძალიან ზედმეტიც...“ - წერს მდინარაძე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში, სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ ერთი კი მკურნალობას აგრძელებს - კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა - სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.