ღონისძიება, რომელიც, სატელევიზიო ფორმატით, თბილისობის აღსანიშნად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება - თანხა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება

ღონისძიება, რომელიც, სატელევიზიო ფორმატით, თბილისობის აღსანიშნად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება - თანხა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ღონისძიება, რომელიც, სატელევიზიო ფორმატით, თბილისობის აღსანიშნად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. თანხა ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

„ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც, სატელევიზიო ფორმატით, თბილისობის აღსანიშნად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში“, - წერს კახა კალაძე.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო „ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს. ამასთან, მომხდარის გამო, ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.

სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 გარდაცვლილია. ერთი ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს - კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა - სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.