საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, ბათუმში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
„ყველა სიტყვა უძლურია. ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლებს, რომელთა შორის არიან ბავშვები. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.
სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 6 გარდაცვლილია. კიდევ 1 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.