„ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 26 მაისის ქუჩაზე, სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით, საჯარო რეესტრს ერთ-ერთმა მოქალაქემ 4 ოქტომბერს მიმართა. ეს ის კორპუსია, რომელიც გუშინ ჩამოინგრა. რეესტრმა სწორედ გუშინ, 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა.
დანგრეული კორპუსთან თვითმხილველები შემთხვევის ადგილზე ყვებოდნენ, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა და ამას აპროტესტებდნენ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ კორპუსში სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ნებართვა გაცემული არ ყოფილა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.
სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 6 გარდაცვლილია. კიდევ 1 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.