ვახტანგ გომელაური: სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, ინფორმაცია ზუსტდება

ვახტანგ გომელაური: სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, ინფორმაცია ზუსტდება

შს მინისტრის ინფორმაციით ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი. „როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს, თუმცა ვერ ვადასტურებ, უნდა ასწიონ სინკარები და ნახონ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს ბათუმში სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობის ადგილიდან განუცხადა.

ამასთან შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნანგრევებში 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. „კორპუსის ნანგრევებიდან ორი ადამიანია ამოყვანილი, რომლებიც კონტაქტურები იყვნენ და კლინიკაში არიან გადაყვანილი. ვვარაუდობდით, რომ ნანგრევებში იქნებოდა 10-დან 15 ადამიანამდე, თუმცა ვაზუსტებთ და სავარაუდოდ 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. ზუსტ რაოდენობას ვერ ვასახელებთ, რადგან შესაძლოა ვინმე იყო სტუმრად, რამდენიმე დაკეტილი ბინა იყო, რომელთა მფლობელებიც თბილისში არიან და ვერ გვიდასტურებენ ბინაში ვინმე იყო თუ არა “, - განაცხადა შს მინისტრმა.

შს მინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ წუთებში გამოკითხვაზე რამდენიმე ადამიანი იმყოფება.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ნგრევის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი, ახალგაზრდა კაცი ამოიყვანეს.

მანამდე, დაახლოებით ერთი საათის წინ, მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება. ​კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა. მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კორპუსი, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნანგრევებში, დაახლოებით, 10-დან 15 ადამიანამდეა მოყოლილი. მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კორპუსის ნგრევისას დაშავებულებსა და დაზარალებულებს სახელმწიფო დაეხმარება.