ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ნგრევის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. მანამდე მაშველები მას დახმარებას ადგილზე უწევდნენ, კერძოდ მიაწოდეს სასმელი წყალი და ჟანგბადის ბალონი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა. მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაო.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, კორპუსი, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო.
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნანგრევებში, დაახლოებით, 10-დან 15 ადამიანამდეა მოყოლილი. მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კორპუსის ნგრევისას დაშავებულებსა და დაზარალებულებს სახელმწიფო დაეხმარება.