ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მომხდარ ნგრევაზე: მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს

ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მომხდარ ნგრევაზე: მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს

„მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბარში მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს და რა გახდა ნგრევის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.

„ძალიან სამწუხარო, ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 15 ადამიანამდე არის მოყოლილი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს ადგილზე, მათ ყველა საშუალება აქვთ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. წინასწარ არ მინდა, მიზეზების შესახებ ვილაპარაკო, ბუნებრივია, გამოძიება მუშაობს ამის თაობაზე და ყველაფერს დაადგენს. არსებობს ბევრი ვერსია და, მინდა დაგარწმუნოთ, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ. მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, ამის თაობაზე მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა, წინასწარ, არ მინდა რაიმე დასკვნის გაკეთება. სჯობს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და, პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ამ დროისთვის, არიან დაშავებულები, თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია. სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება. ​კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა. მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კორპუსი, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნანგრევებში, დაახლოებით, 10-დან 15 ადამიანამდეა მოყოლილი. მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, კორპუსის ნგრევისას დაშავებულებსა და დაზარალებულებს სახელმწიფო დაეხმარება.