დავით ზარდიაშვილი: სააკაშვილი ოდენ პერსონა არ არის, ფენომენოლოგიურად -  ანტისამართლებრივი მოვლენაა. ქართულად რომ ვთქვათ, ჩვენებურად - უსჯულოების განსახიერება გახლავთ

დავით ზარდიაშვილი: სააკაშვილი ოდენ პერსონა არ არის, ფენომენოლოგიურად -  ანტისამართლებრივი მოვლენაა. ქართულად რომ ვთქვათ, ჩვენებურად - უსჯულოების განსახიერება გახლავთ

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: 

"სააკაშვილი ოდენ პერსონა არ არის, ფენომენოლოგიურად -  ანტისამართლებრივი მოვლენაა. ქართულად რომ ვთქვათ, ჩვენებურად - უსჯულოების განსახიერება გახლავთ: იგი არა რომელიმე კონკრეტულ წესს, თუნდაც წესების ერთობლიობას და ა.შ. არღვევს, არამედ საერთოდაც უარყოფს ყოველგვარ ნორმას, როგორც ასეთს.  არ ცნობს სამართალს, სრულიად გაუცხოებულია სამართლის იდეისგან, არ ემორჩილება არც კონსტიტუციასა და არც რაიმე კანონს, არასდროს მიიჩნევს თავს ვინმეს ან რაიმეს წინაშე ვალდებულად, ხოლო  მის წინაშე  - ყველა ყოველთვის მტყუანია; მისი ფენომენალური პოლიტიკური, სოციალური თუ სამართლებრივი მდგომარეობის არსებითად ძირითადი მხარე გახლავთ - არანორმალურობა,  უწესობა. უარესიც: ანტი-ნორმალურობა;  

მართლაც, აბა, შეხედეთ:  მან უწესოდ მოიპოვა ძალაუფლება, უწესოდ ახორცილებდა ამ ძალაუფლებას და უწესოდ ბატონობდა საქართველოში -  უწესოდა ცვლიდა კონსტიტუციასა და კანონებს: კონსტიტუცია 25-ჯერ (!) აქვს და თითქმის ყოველ ჯერზე, უწესოდ შეცვლილი, ასევე - არა მხოლოდ გირგვლიანის საარაკო შემთხვევასთან დაკავშირებით, არამედ ყოველთვის, როცა ეს მოეპრიანებოდა - უწესოდ ცვლიდა  ნებისმიერ კანონს. მაგალითად, მახსენდება შემთხვევა, როცა 2005 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს, რამდენიმე საათში პარლამენტს სამივე მოსმენით მიაღებინა თვითმმართველობის რამდენიმე თვით ადრე მიღებულ ახალ ორგანულ კანონში ცვლილებები. ეს გამონაკლისი შემთხვევა სულაც არ გახლდათ. უწესოდ მოსპო სასამართლოს დამოუკიდებლობა და აღკვეთა მისი მიუკერძოებლობა; მერე, როცა საპარლამენტო არჩევენები წააგო,  ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, უწესოდ გაექცა მართლმსაჯულებას უკრაინაში, უარჰყო საქართველოს მოქალაქეობა და უწესოდ ცდილობდა იქ პრემიერ-მინისტრიც კი გამხდარიყო; როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უწესოდ აგულიანებდა, ინახავდა და წარმართავდა ნაცებს საქართველოს ხელისუფლების დასამხობად; უწესოდ წამოაყენა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მთავარ მიზნად პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა;  და აგერ ბოლოს, ასევე, ყოვლად უწესოდ შემოიპარა საქართველოში! ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, უწესოდ, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოიქცა აგვისტოს ომის დროს და პუტინთან ერთად დაამარცხა საკუთარი ქვეყანა!

ტრადიციული ქართული სამართალი(რასაც სჯული ჰქვია) მსგავსი საარაკო უსჯულოებისათვის - ე.ი. არა რომელიმე ნორმის, არამედ მთლიანად - სჯულის ღალატის, მსგავსი გმობის ან მსგავსად წაბილწვის შემთხვევებში, როგორც წესი,  ყველაზე მძიმე სასჯელს  - სამუდამო განკვეთას ითვალისწინებდა; ეს გაცილებით უარესია,  ვიდრე, თუნდაც   - სიკვდილით დასჯა. რადგან თვით ჩაქვავებულის დატირების უფლება და მისთვის წესის აგებაც კი, არ უქმდებოდა; უბოროტესი  დამნაშავეც კი ადამიანის სტატუსს, სიკვდილით დასჯის  შემთხვევაშიც,   არა კარგავდა;  თემიდან განკვეთის ეს სასტიკი წესი საქართველოს მთაში დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდებოდა და ყველასაც მოგეხსენებათ, არაერთ ლიტერატურულ ნაწარმოებშია აღწერილი; განკვეთა ნიშნავდა არა მხოლოდ ყველა უფლების, მათ შორის - სიცოცხლის უფლებისაც (განკვეთილის, თუკი თემის ტერიტორიაზე იქნებოდა ნაპოვნი,  მოკვლა ყველას შეეძლო)  აყრას, არამედ, ღირსებისა და პატივის დაკარგვას,  სამუდამო გმობასა და წყევლას, თანაც - ყოველგვარი მიტევების გარეშე. უარესიც: ტაბუირებული და დაწყევლილი ხდებოდა განკვეთილთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა, იკრძალებოდა მისი სახელის საჯაროდ მოხსენიებაც კი;

რასაკვირველია, ასეთი უსასტიკესი, ულმობელი სასჯელი  დღეს ყოვლად არაადამიანურია, კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად დაუშვებელი, თუმცა უნდა გვახსოვდეს - სააკაშვილის მსგავს არსებებს, როგორა სჯიდა სჯული. ეს ისე, შეხსენებისათვის, რადგან სააკაშვილის მომხრეები, სულ ოდნავ მაინც, ეგება სინდისმა შეგაწუხოთ".