ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი

ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი

ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და არჩევნებში მათ მონაწილეობას. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლები უფლებამოსილი არიან არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე. ამისათვის, არაუგვიანეს 26 სექტემბრისა, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ან დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ჰაბს ნომერზე 2 51 00 51 ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით.

„ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკოს ვებგვერდზე cesko.ge განთავსებული „საარჩევნო რუკის“ საშუალებით შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით. სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 127 საარჩევნო უბნის შესახებ. ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ადაპტირებული საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.