ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის. აღნიშნულს კომპანიის მიერ ჩატარებული კლინიკური კვლევები ცხადყოფს.
კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.
მოზარდებსა და ზრდასრულებში გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.
კვლევაში 2 200-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. კვლევის მონაცემები აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას გადაეცემა.