ჩვენი საარჩევნო კამპანია არის პოზიტიური და პროგრამის პრეზენტაციაზე დამყარებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე მხოლოდ და მხოლოდ პარტიის საარჩევნო ნომერი და კანდიდატები არის გამოსახული.
„ქართული ოცნების ბილბორდებზე აღბეჭდილია ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 და გამოსახულია ჩვენი კანდიდატები. სხვათა შორის ამასაც გვსაყვედურობდნენ, რომ რატომ გვქონდა ამდენი ბილბორდი. ჩვენი საარჩევნო კამპანია არის პოზიტიური და პროგრამის პრეზენტაციაზე დამყარებული. რაც შეეხება ზიზღის ენას, ეს სადაც არის, პირდაპირ ჩანს - გახსენით Facebook-ი, ჩახედეთ ნებისმიერი იმ ადამიანის სოციალური ქსელის ანგარიშს და ნახავთ როგორი ზიზღის ენა, შეურაცხყოფა, დამცირება მოდის მათი მხრიდან. რაც შეეხება იმას, რომ ოპონენტები ამაში ჩვენ გვადანაშაულებენ, ეს არის ყველაზე ნაკლები ბრალდება მემგონი, რაც მოდის მათი მხრიდან ისეთ ბრალდებებს ვისმენთ. სწორედ ეს არის პრობლემა, დეზინფორმაცია, რომელსაც საზღვარი არ აქვს. ის ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციის, ზიზღის ენისა და მანიპულაციის წყაროა, გაღმა შედავების პრინციპით, სხვებს ადანაშაულებენ ამაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.