ყველა, ვინც იყო გამორჩეულად ძალაუფლებაში ტკბობის რეჟიმში ჩავარდნილი, რომელიც არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ მეგის ქარდავას ექსტრადირებაზე საუბრისას განაცხადა.
„იმ ძალიან მნიშვნელოვან გადაცდომებსა და შეცდომებზე, რაც უკავშირდებოდა ძალოვან უწყებებს, ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია და იქნება ყოველთვის. ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ 2012 წელს. შესაბამისად, ჩემი და ჩემი მეგობრების მოსაზრებით, ყველა, ვინც იყო გამორჩეულად ძალაუფლებაში ტკბობის რეჟიმში ჩავარდნილი, რომელიც არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, რა თქმა უნდა, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, 18 სქტემბერს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.