თამარ გაბუნიას თქმით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზებზე საუბარი პირველ რიგში სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებთან გაიმართება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დანარჩენი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.
„ბუსტერ-დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან, რამდენად არის ეს დოზა აუცილებელი იმისთვის რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები არსებობს და საერთაშორისოდ არის 6-8-თვიანი ვადა რეკომენდებული მესამე დოზისთვის და უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებზე. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ეს იქნება პირველი ჯგუფი, ვისთანაც ვისაუბრებთ ბუსტერ-დოზებზე. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომლებიც ჯერჯერობით ცალსახა და მკაფიო ბუსტერ-დოზების მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.