ანრი ოხანაშვილი ფარულ ჩანაწერებზე : გამოძიებამ უნდა დადოს შედეგი, რამდენად მართალია, რა არის ტყუილი და სიმართლე

ანრი ოხანაშვილი ფარულ ჩანაწერებზე : გამოძიებამ უნდა დადოს შედეგი, რამდენად მართალია, რა არის ტყუილი და სიმართლე

შედეგის დადებას უნდა დაველოდოთ. მანამდე, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ვინ, რას გამოიყენებს, ეს მათი შესაფასებელია, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ე.წ. ფარულ მასალებთან დაკავშირებით სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში დაბარებას.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია, რომ გამოძიებამ შედეგი დადოს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ისინი პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავენ. ჩემთვის მთავარია, რომ შედეგი დაიდოს და კონკრეტული გამოძიებისთვის მაქსიმალურად მოხდეს ხელშეწყობა. შედეგის დადებას უნდა დაველოდოთ. მანამდე, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ვინ, რას გამოიყენებს, ეს მათი შესაფასებელია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებაში ე.წ. ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი საგამოძიებო ორგანომ უნდა გასცეს.

„ვიდრე კითხვები მექნება, ველოდები საგამოძიებო ორგანოებისგან შედეგს და აქედან გამომდინარე ჩამოვყალიბდებით, გვაქვს კითხვები გამოძიებასთან თუ არ გვაქვს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობისთვის და რა კითხვა უნდა გამიჩნდეს?! გამოძიებამ უნდა დადოს შედეგი, რამდენად მართალია, რა არის ტყუილი და სიმართლე, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, თუ მოხდა საერთოდ და ვინ აკეთებს ამ ყველაფერს, რას ემსახურება“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ ყველაფერი გაირკვევა.

„როგორ ექნებოდა ღარიბაშვილს რაიმე ტიპის ვალდებულება ან სახელმწიფო უსაფრთხოებაზე ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებებზე. კონკრეტული თანამდებობის პირები არიან პასუხისმგებელი შესაბამის უწყებებზე. ამიტომ, დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.