მიხეილ სააკაშვილის განცხადება აჩვენებს რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნირი და სახე. ეს არის ის, რომ რამენაირად მოიპოვონ ძალაუფლება და ამ გზაზე არ ერიდებიან იმასაც, რომ ავნონ ან შეეცადონ ავნონ საკუთარ ქვეყანას. ასე რომ, ასეთი განცხადებით ჩვენთვის პირველი არ არის და ამ კუთხით რაიმე გასაკვირი არაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება 75 მილიონს, ეს არის მაკროსაფინანსო დახმარების სახით სესხი, რომელიც გასულ წელს შეთანხმდა ევროკავშირთან. მისი ერთი ნაწილი ჩვენმა მთავრობამ აიღო, რაც შეეხება მეორე ნაწილს, მთავრობა ფიქრობს, რომ იმ ვითარებაში, როცა ბიუჯეტი 1 მლრდ ლარით გაიზარდა, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი 2021 წელს, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ სესხის აღება. და მეორე საკითხია პოლიტიკური მდგენელი - ჩვენ ვხედავთ და ჩვენი ოპონენტების განცხადებებიც გვაჩვენებს, რომ ხდება სპეკულირება ამ სესხით, თითქოსდა, ამის დაკავშირება სურთ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ საკითხებთან. ასე რომ ამ სპეკულაციასაც რომ არ ჰქონდეს ადგილი, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი.
ამ მაკროსაფინანსო სესხს არანაირი კავშირი არ აქვს 19 აპრილის შეთანხმებასთან. არის სხვა სახის შეთანხმება, რომელშიც სხვადასხვა ინდიკატორებია გაწერილი, მათ შორის, ეს ინდიკატორებია „მეწარმეთა შესახებ კანონი“, სხვადასხვა მიმართულებითაა საკითხები გაწერილი. საქმე ეხება იმას, რომ რამდენად მიზანშეწონილია ამ სიტუაციაში დამატებითი სესხის აღება, ამას განიხილავს ჩვენი მთავრობა და სამწუხაროა, რომ ამის გარდა, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიზირებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ირაკლი კობახიძემე „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარია აკუმულირებული.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს: მე მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება იმიტომ, რომ ქართველ ხალხამდე არაფერი აღწევს ელიტური კორუფციის გამო