ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ვალია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვემსახურო, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ არის წინასაარჩევნო მოსყიდვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სამხედროებისთვის ბინების გადაცემა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მისი, როგორც პრემიერის პირდაპირი ვალია საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა.
„მე ვარ მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი. მთავრობა ჩვენი მოქალაქეებისთვის მუშაობს, ვერავინ ამიკრძალავს მუშაობას. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ვალი, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვემსახურო“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა მან არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ბინების გადაცემა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „ასე დაემთხვა“.
„დღეს დასრულდა. იმის გამო, რომ ვიღაც მავნებელი ჩვენს დაკომპლექსებას ცდილობს, რა თქმა უნდა, ამ კონიუნქტურას არ დავექვემდებარე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.