სამხედროებს აქვთ ასეთი ტერმინი „ფრონტის გაშლა,“ როდესაც მოწინააღმდეგეს რამდენიმე მიმართულებით უტევ, იმისათვის რომ მისი ძალები დაქსაქსო და დაასუსტო.
ოპოზიციას დღეს სწორედ ფრონტი აქვს გაშლილი - ერთი პოლიტიკური - „ნაცმოძრაობით“ ავანგარდში, რომელსაც ნაცმოძრაობის გენერლები ხელმძღვანელობენ, მეორე - მედიაფრონტი, რომელსაც ასევე მათი „საველე მეთაურებად“ - ფსევდო-ჟურნალისტები უძღვებიან, მესამე ფრონტი - მათი პირდაპირი თუ სიტუაციური მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები და მეოთხე ფრონტი - სახალხო დამცველი. არის ასევე მეხუთე, ოღონდ ქვეყნის გარეთ მყოფი ფრონტი - მათი დაქირავებული ლობისტები, ყოფილი დიპლომატების და მაღალჩინოსნების სახით.
ყველა ფრონტს თავის ამოცანა აქვს დასახაული. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების ფრონტის ამოცანაა ცესკოს და ზოგადად არჩევნების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში აპრიორი უნდობლობის დათესვა არჩევნების მიმართ, რომ ამით „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტ ოპოზიციას გაუადვილონ ამოცანა, როდესაც არჩევნების მეორე დღეს „ტოტალურ გაყალბებაზე“ დაიწყება ყვირილი და გნიასი.
არასამთავრობოთა ფრონტზე ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობს სამი „ენჯეო“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, „სამართლიანი არჩევნები“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ცესკოს ლამის ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მათი შეტევების მოგერიება. მკითხველს შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ე.წ. „ფანჩატურის ოპოზიციის“ მიერ ხელისუფლებისათვის წაყენებული მოთხოვნების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მხოლოდ ამ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით, ან მათი დასახელებული კანდიდატებით უნდა დაკომპლექტებულიყო ცესკო და საოლქო კომისიების თავმჯდომარეები. მოვლენათა ქრონოლოგია რომ კიდევ უფრო უკან გადავახვიოთ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ამ სამმა ორგანიზაციამ, ასე ვთქვათ, „ხელი გაუმართა“ ოპოზიციას, როდესაც ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაცია დააბრალა ყალბი პირადობის მოწმებების დაბეჭდვით. ბრალდება ვერ დაამტკიცეს, ხოლო როდესაც მათ მიმართ კრიტიკა გაისმა, ეს სამოქალაქო სექტორზე თავდასხმად შეაფასეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის ვითომ „ტექნიკური შეცდომა“ ოპოზიციამ რევოლუციური სცენარის ლეგიტიმაციისათვის გამოიყენა. თავად ორგანიზაცია კი, მთელი 40 დღე არ აღიარებდა, როგორც თავად უწოდებდნენ „ადამიანურ შეცდომას.“
ადგილობრივი არჩევნების წინ, დაახლოებით იგივე სურათია, აღქმებსა და ვარაუდებზე დაუძნებული ანგარიშები და განცხადებები დარღვევებზე, დემარშებით სხდომების დატოვება, ქმნის განცდას, რომ არჩევნები ყალბდება.
რა თქმა უნდა, არავინ დავობს იმაზე, არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ფუნქციაც სწორედ იმაშია, რომ დარღვევები გამოავლინოს, გაასაჯაროოს და ხელისუფლების და საზოგადოების ყურადღება მიაპყროს. ხოლო ცესკო, ვალდებულია დასაბუთებულ და დამტკიცებულ დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. თუმცა, როგორც წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რეაგირება არასათანადოდ დამტკიცებულ დარღვევაზე რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ დარღვევას შესაძლოა ადგილი არც ჰქონია
გამოცდილება ასევე გვიჩვენებს, რომ დამკვირვებლის „ქოლგის“ ქვეშ ადვილად შეიძლება არჩევნებზე გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე პოლიტიკურ მოთამაშეთა ინტერესების მომსახურებაც. მაგალითად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციით და საარჩევნო ადმინისტრაციის „გაშავებით.“
ფაქტიურად, ცესკოს ლამის ყოველდღიურ რეჟიმში უწევს აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გამუდმებული შეტევების მოგერიება
მაგალითად, „სამართლიანი არჩევნები“ მორიგ განცხადებაში წუხილს გამოთქვამს თანამშრომლობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც თავად არ უწყობს ხელს ამგვარი გარემოს შექმნას მუდმივი დემარშებით, ხოლო ცესკოს შეთავაზებას კონსტრუქციულ რეჟიმში განიხილონ საკითხები, თავს არიდებს
სამართლიანი არჩევნები“ თავის კიდევ ერთ განცხადებაში აღნიშნავს, რომ პროფესიული წევრების პოლიტიკური აფილაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა სანდო საარჩევნო პროცესისთვის, რომ ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციაში კანდიდატების შესაძლო პარტიულ აფილიაციის დადგენისას მხოლოდ ერთი კრიტერიუმით - პარტიის მიერ კანდიდატის წარდგენით ხელმძღვანელობს, მაშინ როდესაც პარტიასთან კავშირის სხვა უამრავი ფორმა არსებობს.
შესაბამისად, თუ „სამართლიანი არჩევნების“ როგორც დამკვირვებელი ორგანიზაციის მიზანი საარჩევნო პროცესის და გარემოს დახვეწა-გაუმჯობესებაა, წესით მან უნდა მოიკვლიოს, დაასახელოს და დაასაბუთოს ამ ხალხის პარტიასთან კავშირის სხვა უამრავი ფორმიდან ის კონკრეტული ფორმები, რომლებითაც იხელმძღვანელა საკუთარი განცხადების შედგენისას. წესით, მანვე უნდა წარმოადგინოს პარტიასთან აფილიაციის ფორმების შერჩევის კრიტერიუმები, სტატისტიკა და სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს არის სწორედ დამკვირვებელი სამოქალაქო ორგანიზაციის, ანუ როგორც მას დასავლეთში უწოდებენ „watchdog” (ანუ „მაკონტროლებელი თვალი“) ფუნქციაა დაკვირვების დასაბუთება. ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს, რომ მიუკერძოებლობაზე, სანდოობაზე და აკადემიურობაზე პრეტენზიის მქონე „სამართლიანი არჩევნები“ და ‘შესანიშნავი სამეულის“ სხვა წარმომადგენლები, პოლიტიკურად სენსიტიურ სიტუაციებში, რატომღაც ხელისუფლების ოპონირების ისეთ ფორმებს ირჩევენ, რომ თავად აყენებენ ჩრდილს საკუთარ რენომეს. სტატიის მიზანი არის არის ამ თემაში ჩაღრმავება, რადგანაც ეს ცალკე კვლევის საგანია.
დასასრულს დავძენთ, მხოლოდ ერთს. თანამედროვე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი გასაქანი აქვს ადამიანებით მანიპულაციას. ამ დროს მავანნი ცდილობენ ითამაშონ იმაზე, რომ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ემოციური სიმართლის უფრო სჯერა, ვიდრე ფაქტოლოგიით გამყარებული რაციონალური სიმართლის. ხოლო როდესაც მანიპულაციას ამყარებ ინდოქტრინაციით - ანუ ერთი და იგივეს მრავალჯერ გამეორებით და ამით მასებზე ფსიქოლოგიურად ძალადობა. როდესაც სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი ნებით თუ უნებლიეთ აღმოჩნდება ამ პროცესში ჩართული, მათ მიმართ კითხვები ჩნდება. თუმცა მათი საჯაროდ დასმა, უკვე სამოქალაქო სექტორზე შეტევად ითვლება. და ეს მაშინ, როდესაც სამოქალაქო სექტორი თავად უნდა იბრძოდეს, რომ არავის მისცეს საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა მიზნების მისაღწევად, ადამიანის ემოციებით მანიპულირების უფლება.