რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აშშ-მა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოსთვის უნდა დაასრულოს.
ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, „თალიბანი“ ევაკუაციის ვადების გახანგრძლივებას არ დაეთანხმება.
„31 აგვისტო მოცემული თარიღია. ამ თარიღის შემდეგ ყველაფერი შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ადამიანების გაყვანა ამ თარიღამდე უნდა მოხდეს. 31 აგვისტოს შემდეგ ევაკუაციის ოპერაციებს არ დავუშვებთ. ამის შემდეგ ჩვენ უკვე განსხვავებულ პოზიციას დავიკავებთ“, - აღნიშნა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.
23 აგვისტოს რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰინმა განაცხადა, რომ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები შედეგებს მოიმკიან, თუ ავღანეთიდან თავიანთ ჯარებს 31 აგვისტოსთვის არ გაიყვანენ. სუჰაილ შაჰინის თქმით, თალიბები მზად არ არიან, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ევაკუაციისთვის დამატებითი დრო მისცენ.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.
უფლებადამცველთა მონაცემებით, ქაბულის აეროპორტით ქვეყნის დატოვებას სულ მცირე 10 ათასი ადამიანი ცდილობს.